5 ოქტომბერი – გენოციდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე

რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი დაწესდა როგორც აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე. საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დღესთან დაკავშირებით,  იმ ქალაქებში, სადაც დევნილები მასობრივად არიან ჩასახლებული, გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, წარმომადგენლობის საკურატორო რეგიონის რამოდენიმე ქალაქში, კერძოდ,  ბათუმში, ხონსა და ქუთაისში ეს დღე პარაკლისით აღინიშნა.

ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. დაღუპლთა სულებს პატივი მიაგეს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ომარ მახარაძემ. ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სამინისტროს თანამშრომლები, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ქაშიბაძე, წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლები ინვერ ფირცხელავა და ნანა ჭანტურია, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

ხონში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარებარე ტერიტორიაზე მდებარე მშენებარე ეკლესიასთან  ხონის რაიონის სოფ. სუხჩის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ (ნიკურაძე), თავად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილემ, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა. ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, მოადგილე ნათია კოპალიანი და წარმომადგენლობის თანამშრომლები, რომლებმაც გვირგვინით შეამკეს მემორიალი. ასევე, იმყოფებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ბაჩანა ბასილაია,  მინიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ზაზა ცაავა, ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

ქუთაისში წმინდა მღვდელმოწამე დოსითეოს წერეთლის სახელობის ეკლესიაში (წინამძღვარი დეკანოზი ზურაბი სუბელიანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილემ, მამა სოფრონმა (ცალანი) დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. იმყოფებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, მოადგილე ნათია კოპალიანი და წარმომადგენლობის თანამშრომლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი  გიორგი სანთელაძე და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლების, ქუთაისში მოქმედი დევნილთა სკოლების პედაგოგები,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.